ადამიანებს ერთმანეთის იმედი აქვთ

ადამიანებს  ერთმანეთის  იმედი  აქვთ,
            მსოფლიოს- ადამიანებისა, ჩემს  ქალაქს კი  -  ჩვენი!..
    მსოფლიო საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე დიდი ნაწილისათვის   ყოველთვის იყო, არის და იქნება  უპირობოდ მნიშვნელოვანი  უწყვეტი განვითარებისაკენ სწრაფვა,   ცხოვრების უკეთესად მოწყობისათვის  ცვლილებებისადმი  მზაობა  და  მომავალი თაობის კეთილდღეობაზე ზრუნვა.    ეს   ცვლილებები,  რომელთაც  დროის გამოცდას უნდა გაუძლონ,  უსათუოდ  საიმედო,   ახალი თაობების  საჭიროებებს მორგებულიც უნდა გახლდეთ.        
       საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, თითოეული   წინააღმდეგობის  გაჩენისთანავე   გასათვალისწინებელია, რომ  პრობლემა  ისე  მოგვარდეს, რომ მან  კარგა ხანს თავი აღარ შეგვახსენოს,  არც - ჩვენ და არც- ჩვენს შვილებს.
      ჩვენს  ქვეყანაში დიდი ხანია აქტუალურია  საკითხი  მდგრადი განვითარების  შესახებ, რომელიც  ძირითადად  საქალაქო ცხოვრების  კეთილმოწყობას ეხება  და გულისხმობს  ცხოვრების  გასაუმჯობესებლად  ისეთი    რეფორმების ორგანიზებას,  რომლებიც  ითვალისწინებენ მომავალი  თაობების ინტერესებსა თუ საჭიროებებს:   ,, მდგრადი განვითარება ქალაქების ისეთი მოდელის შექმნას გულისხმობსრომელიც ახლანდელი თაობის ცხოვრებისეულ მოთხოვნილებებს ისეთნაირად დააკმაყოფილებსრომ ამის შედეგად არ მოხდება მომავალი თაობების მოთხოვნილებების    იგნორირება[1].
     ისმის კითხვა:  რას გულისხმობს  სიტყვა მდგრადობა   განვითარებასთან კავშირში და უფრო ფართო კონტექსტით?     
        აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს  დოკუმენტი- გაეროს გარემოს   დაცვისა და განვითრების მსოფლიო კომისიის  ანგარიში ( 1987 წ.), რომლის თანახმად,  ამ საკითხზე  საუბრისას უმთავრესი გახლავთ  თითოეული მოქალაქის  ან     ქვეყანაში სტუმრად მობრძანებული  ადამიანებისათვის ერთნაირად უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა, ღირსეული საცხოვრებელი ბინის უზრუნველყოფა.  ასევე,    თითოეულ მოქალაქეს  აქვს  უფლება  და შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს საქალაქო რესურსებით, ითანამშრომლოს ხელისუფლების შტოებთან,   აზრი გამოთქვას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქალაქის  დაგეგმარებაში.
        ყოველივე აღნიშნულის  გათვალისწინებით,   მაშინ, როცა  აქტუალურია  საკითხი ,,მწვანე  ქალაქის“  აშენების იდეის  შესახებ,  როდესაც  ვცდილობთ  კრეატიული და  ვიზუალური ეფექტების მქონე არქიტექტურული ნაგებობების   შექმნას    ( რასაც  უდაოდ მოვესალმებით მე და ჩემი თანამოქალაქეები),  ძნელი წარმოსადგენია, რომ ზოგიერთ ქალაქში  ( მაგალითად, ჩვენს ქალაქში)  მოქალაქეთა  უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის  საკითხი  ჯერ კიდევ მოუგვარებელია.
          სამწუხაროდ, ეს რეალობაა, არა  და...  ამ სამყაროში ყველას თავისი სახლი აქვს და უყვარს, როგორც კუს -ბაკანი, ლოკოკინას- ნიჟარა, მელას- სორო, ჩიტს-ბუდე, ფუტკარს- სკა. ჩემი სახლი მეც მიყვარს.   სახლი ის ადგილია,  სადაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ.  წარმოიდგინეთ,  რომ არ გვქონდეს სახლი !... რა უმწეოები ვიქნებოდით ადამიანები. სახლის გარეშე გარემო არც ისე უსაფრთხოა: წვიმა,  ქარი,  სეტყვა, თავგზაარეული მხეცები და ადამიანებიც...  საშიში ცხოველების თავდასხმები.
      ზოგჯერ კი აი,  რა ხდება -გვაქვს სახლი,  მაგრამ მაინც სფრთხეში ვართ. ვერც მწვანე მინდორი გვშველის და  ვერც სუფთა წყალი,  - ვერც ჩვენი ცხოვრების ჯანსაღი წესი,  რადგან სახლი თავზე გვენგრევა.
     ასეა,   უბანში,  სადაც მე ვცხოვრობ საერთო საცხოვრებელი კორპუსების 90%  ავარიულია ( თუ მეტი არა).  ზოგს კედელი აქვს გაბზარული, ზოგს აივანი ენგრევა, ზოგს კარ- ფანჯარა ერყევა, ზოგი კი პიზის კოშკივით გადახრილია და რაც ყველაზე საყურადღებოა, სწრაფი ნაბიჯით თუ  გაივლი, ისე ზანზარებს, მიწისძვრა  გეგონება ( ასევე ზანზარებს , როცა მძიმე წონის ტრაილერები დადიან) .  საფრთხე აშკარად გარდაუვალია.  ყველაზე დიდი პრობლემა კი  მოქალაქეების ინდიფერენტულობაა, საკითხისადმი  სულერთიას პრინციპით მიდგომა. ჩვენ იქნებ გადავრჩეთ,  მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები?..
     სანამ გვიანი  არაა, მივხედოთ ჩვენს  ქალაქს და ჩვენს  სახლებს,  შევქმნათ  თანამეგობრობები,  გავესაუბროთ მოსახლეობას, მივმართოთ  სამთავრობო სტრუქტურებს,  შევისწავლოთ საფრთხეები და ერთად ყველაფერი  მოგვარებადია!..
         
      ინტერნეტ-სივრცეში  არსებობს ინფორმაცია,   რომ 2010  წელს კომპანია ,,ფილიპსმა“  ჩაატარა კვლევა იმის  შესახებ, თუ  როგორ აღიქვამენ  ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობასა  და კეთილდღეობას  თვაიანთი  საცხოვრებელი გარემო პირობების  მიხედვით, როგორ უნდა გავხადოთ ქალაქები საცხოვრებლად უფრო ,,ვარგისიანები“. კვლევის მიხედვით,  ამ პრობლემის  მოგვარება  ,, ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის უპრეცენდენტო თანამშრომლობით შეიძლებარათა მოხდეს არსებული გარემო პირობების გაუმჯობესება და მოსალოდნელი გარემოს კრიზისის თავიდან არიდება[2].  (,,ქალაქების ინკლუზიურიუსაფრთხო და მდგრადი განვითარება და საქართველო“,  2017 წ.14 ივლისი)
      მდგრადი განვითარების იდეის პრაქტიკაში დანერგვა არსებული პირობების გაუმჯობესებით უნდა დაიწყოს.
       ვინ, თუ არა  ჩვენმა  ეკოკლუბელთა  თაობამ,  უნდა იმსჯელოს აღნიშნულ პრობლემაზე?  რაც შეეხება  უკეთეს,   მსოფლიოსათვის მისაღებ   ქალაქს, გვექნება, თუ გვექნება  უსაფრთხო გარემო, მდგრადი და სამომავლო ბედნიერ ცხოვრებაზე გათვლილი აქტივობები,  ადამიანთა პროფესიონალიზმი, თავად მოსახლეობის მონდომება, პრობლემის მოგვარებაში  ჩართულობის  ხარისხი,  თუ გვეცოდინება   ენერგორესურსების დაზოგვა,  სამთავრობო სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობა და გვექნება ერთმანეთის გასჭირისადმი არაგულგრილი დამოკიდებულება.  
    ყველაფერი  ჩვენი ქალაქისათვის: იდეები, ინოვაციები, პროფესიონალების კვალიფიკაცია, ერთიანი ძალისხმევა... 
    ადამიანებს  ერთმანეთის იმედი აქვთ, მსოფლიოს- ადამიანებისა, ჩემს  ქალაქს კი  -  ჩვენი.
  
                                                                                       

Комментариев нет:

Отправить комментарий